"აფხაზეთში სირიიდან ჩასული ადამიანების ჩასახლებაში ჯერჯერობით არაფერი შემაშფოთებელი არ არის, თუმცა ეს ბუნებრივია დასაფიქრებელი და საყურადღებოა", _ განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
"თამამად შემიძლია გითხრათ აფხაზების მცდელობა თურქეთიდან განეხორციელებინათ ეს პროცესი - არ გამოვიდა. თურქეთში მშვიდობაა. ახლა სირიიდან დაიწყეს ხალხის ჩამოყვანა. ეს ყოველთვის წარუმატებლობის მთავრდება, იმიტომ, რომ აფხაზეთი არის რუსული გავლენის ქვეშ.
თურქები ჩავიდნენ და მერე დაბრუნდნენ უკან. ახლა სირიელების მეორე ტალღაა. ერთ თვის წინ პირველი ტალღა იყო და აფხაზეთში 200 მდე ადამიანი ჩავიდა, მაგრამ მათი ნაწილი უკვე უკან არის დაბრუნებული. იმიტომ, რომ ისინი ფლობენ არაბულ ენას, არიან მუსულმანები და უცხო გარემოა მათთვის. აფხაზურიც კი არ იციან. ერთმანეთში ისინი გატეხილი ინგლისურით ლაპარაკობენ. ამასთან ერთად, აფხაზეთი კარგი მხარეა, მაგრამ მათ კარგ ადგილებზე დასახლება უნდათ, აფხაზებისთვის ეს მიუღებელია", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
ამას გარდა, მინისტრის თქმით, აფხაზებს აქვს კანონი, რომელიც თავისთავად ჩვენ გვშველის, რომლის თანახმად არც მიწა და არც უძრავი ქონება არ იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. "ამით ისინი თავს იცავენ. ეს სხვათაშორის გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისათვის და ამის გამო დღემდე ინვესტიციებს არ დებს აფხაზეთში. ამ ფონზე კი არც თურქ და ასე ვთქვათ არც სირიელ პოტენციურ ინვესტორებს, არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ აფხაზეთის მიმართულებით.
ასე რომ ამაზე დღეს, ამ წუთში არ ღირს ხმაურის ატეხა - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ ხდება. იქ ჩასულებს აფიქსირებენ როგორც ლტოლვილებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ. ანუ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
სირიდან აფხაზეთში ჩასულებს გარდა იმისა, რომ აქვთ ისტორიული მეხსიერება, რომ აფხაზები არიან - ამის გარდა, მათ არაფერი აფხაზური არ აქვთ", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები