ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის შეხვედრებ მანამ არ განახლდება ვიდრე გენერალ ტიშკევიჩს უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურება და მისი შემცვლელი არ ჩამოვა. საქართველო არ დაუშვებს აფხაზებს თავიანთი აბსოლუტურად უსაფუძვლო სიჯიუტე გაუვიდეთ. განცხადებები ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გალის შეხვედრების განახლების შესაძლებლობის კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენ არ გვინდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ - მე, ჩემი აკვიატებული აზრების გამო, რომ ვიღაც ადამიანი არ მომწონს და ვიდრე ის არ წავა მე არ დავჯდები მოლაპარაკებებზე.
ის კაცი არ წავა და მოლაპარაკებები არ შედგება, ვიდრე არ ამოეწურება იმ ადამიანს თავისი ვადა და როცა ახალი ჩამოვა მერე ვილაპარაკოთ.
ჩემი მოსაზრება ასეთია - გამონაკლის შემთხვევებში როცა გარდაუვალი მდგომარეობაა, კონრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ ინციდენტზე შეიკრიბონ ძალოვანები ადგილზე, აფხაზური და ქართული მხრიდან და იქ კონკრეტულ თემაზე შეიძლება ილაპარაკონ, მაგრამ რეგულარულად ხვდებოდეს სხვა ფორმატში კომისია, არ მიმაჩნია გამართლებულად , იმიტომ, რომ გამოდის, რომ მათ თავისი აბსოლუტურად უსაფუძვლო სიჯიუტე გაუვიდათ", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრები გალის მიმართულებით ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მიმართ არსებული პრეტენზიების გამო შეწყვიტეს. მათ გენერალი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა "ნონ-გრატად" გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ გალის შეხვედრაში მანამ არ მიიღებენ მონაწილეობას ვიდრე ტიშკევიჩი მისი მონაწილე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები