ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრპო დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას ჩაატაროს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
"გაუგებარია თუ კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იყოს ბურუსით მოცული არა მხოლოდ 2008 წლის გავისტოს მოვლენები, არამედ საქართველოს ხელისუფლების ფაშისტური ქმედებები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა", _ იუწყება ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ "ომის თემა ბურუსითაა მოცული".
"უკვე დროა ქართველმა ხალხმა და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი გაახილოს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დამღუპველ პოლიტიკაზე სამხრეთ ოსეთის ხალხთან მიმართებაში, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ასევე ცნობილია ტალიავინის დასკვნა და ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს დასკვნა ეჭვის ქვეშ არ დგას", _ წერს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მათივე განცხადების მიხედვით, ოსი სეპარატისტები იმედს იტოვებენ, რომ "2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შემდეგ, გამოძიებულ იქნება საქართველოს ყველა დანაშაული, რომელიც მან ოსი ხალხის წინააღმდეგ 20 წლის განმავლობაში ჩაიდინა და საბოლოო ჯამში შეცდომები აღიარებული იქნება და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან", _ ნათქვამია განცხადებაში.