"რუსეთი აფხაზეთიდან წასვლას არ აპირებს", "მათ მიერ აფხაზეთში აგებული სამხედრო ქალაქები და გარნიზონები, იმდენად მდგრადია, რომ მნახველი გაოცებას ვერ დამალავს", - ეს არის საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ექსპერტების მიერ გამოტანილი დასკვნა და შთაბეჭდილება, რომელიც მათ აფხაზეთის ერთკვირიანი დათვალიერების შედეგად შეექმნათ. ვიზიტის შედეგად შედგენილ ანგარიშში შეძლებისდაგვარად დეტალურად არის აღწერილი რუსული სამხედრო ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთში, საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიაზე ისე ფუძნდებიან, რომ ამას მხოლოდ ერთ აზრამდე მივყავართ - ისინი ხანგრძლივი ვადით აპირებენ იქ დარჩენას.
ანგარიშის სახელწოდებაა "აფხაზეთი: დიდი გზა შერიგებამდე", თუმცა მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს დაწვრილებითი ცნობები აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტიგენტის ყოფნისა ამ ეტაპზე:
"2008 წლის აგვისტოს ომმა საშუალება მისცა რუსეთს ამ ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ყოფნა გაემყარებინა. თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხუთი ათასიანი რუსული სამხედრო კონტიგენტი იმყოფება: 3,5 ათასიანი ჯარი და პლიუს ამას 1,5 ათასი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და "მესაზღვრე".
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოსკოვმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობებისათვის 465 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, მათ შორის სამუშაოებისათვის ამიერკავკასიაში უმსხვილეს აეროდრომზე - ბომბორის სამხედრო აეროდრომზე გუდაუთაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ აფხაზეთში არსებული რუსული ავიაბაზა უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე მოწყობილობებითაა აღჭურვილი, დასავლეთის უწყებების წარმომადგენელთა განცხადებით 2012 წლისათვის არსებული სადაზვერვო მონაცემებით იქ არის მხოლოდ ოთხი გამანადგურებელი, რომლებიც აეროდრომზე მუდმივად იმყოფება. საუბარია ორ "სუ-27"-ზრ და ორ "მიგ-29"-ზე.
რუსეთის ფედერაციამ ასევე გაარემონტა თავისი მოცულობით უფრო მცირე, თუმცა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საზღვაო პორტი ოჩამჩირეში, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 30 კილომეტრში იმყოფება.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, პორტში 8 რუსული სასაზღვრო კატარღა დგას, მათ შორის ორი ახალი იქ 2012 წელს გამოჩნდა. ამას გარდა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მონაცემებით, მათ მიერ სანაპიროზე დამონტაჟებულია რამდენიმე რადიოლოკაციური სადგური "აფხაზეთის ტერიტორიული წყლების დაცვისათვის და იმ რაიონებზე მეთვალყურეობისათვის, რომლებიც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება", _ ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ასევე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი აფხაზეთში დიდი ხნით აპირებს დაყოვნებას. რუსეთის ფედერაცია აგებს ახალ გარნიზონებს თავისი სამხედრო ნაწილებისთვის, ხოლო რუს სამხედროებს, რომლებიც აფხაზეთში სამხედრო სამსახურს გადიან, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ აქვთ უფლება იქ დარჩნენ და აფხაზეთის მოქალაქეები გახდნენ. თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსული სამხედრო ყოფნა აფხაზეთში მაინც საკმაოდ შეუმჩნეველია, შესაძლებელია ეს იმის გამო ხდება, რომ აფხაზებს მაინცდამაინც დადებითი გრძნობები არ აქვთ რუსეთის მიმართ ამგვარად "გამორჩეულ" დამოკიდებულებაზე.
"არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი აფხაზეთში დაყოვნებას განუსაზღვრელი დროით აპირებს. სოხუმის ცენტრთან ახლოს განლაგებულია კარგი, ახლადაშენებული თორმეტსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობები იმ რუსი ოფიცრებისათვის, რომლებიც აფხაზეთში სამხედრო სამსახურს გადიან. ამ ახალ ნაგებობებსა და მეზობლად მდებარე ძველ სახლებს შორის კონტრასტი ძალიან დიდია, ისინი დღემდე დგანან გადამწვარნი და რომელთა ფასადზე თვალნათლივ ჩანს ოცი წლის წინანდელი ქართულ-აფხაზური ომის კვალი და ნატყვიარები.
ამას გარდა, რუსეთმა აფხაზეთში ასევე ააშენა რამდენიმე კეთილმოწყობილი სამხედრო ქალაქი - სამხედრო დანიშნულების ობიექტი, ასევე ახალი საერთო საცხოვრებლები სამხედროებისათვის. საერთო საცხოვრებლები და საცხოვრებელი სახლები რუსი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ასევე აგებულია გალის რაიონში, იქ სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები. ზოგი ასეთი სახლი განლაგებულია სულ რაღაც ერთ კილომეტრში ადმინისტრაციული საზღვიდან.
ქალაქ გალის ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში წამომართულია ახალი სამხედრო ქალაქი, თანამედროვე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით რუსული გარნიზონისათვის და რუსი სამხედროების ოჯახის წევრებისათვის. ეს ქალაქი ზემოდან დაჰყურებს მეზობლად მდებარე ძველ ქართულ სახლებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მიატოვეს ქართველებმა და რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ გაძარცვულ-გაპარტახებული და დამწვარია.
ეს რუსული სამხედრო ქალაქი, რომლის შიგნითაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული ხუთმეტრიანი ბეტონის კედლითაა გარშემორტყმული, რომელსაც ზემოდან კიდევ მჭიდროდ შემოვლებული აქვს ეკლიანი მავრთულხლართი. მთელს პერიმეტრზე დამონტაჟებულია რამდენიმე ათეული ვიდეოკამერა", _ნათქვამია ანგარიშში სადაც განსაკუთრებული ხაზგასმითაა აღნიშნული აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ნაგებობების საძირკველში ძალიან ღრმად ჩასხმული ბეტონის უზარმაზარი მასის იმხელა სისქე, თითქოს ისინი ატომური აფეთქებისათვისაც გამძლე უნდა იყოს.
"გაკვირვებულები ვიყავით საძირკველში ჩასხმული მეტონის სისქისა და სიღრმით. სრულიად ცხადია, რომ რუსეთი აქ სამუდამოდ აპირებს დარჩენას", _ მოყვანილია ანგარიშში გალის მცხოვრებლების სიტყვები.
თავად ანგარიშის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ ამ გრძნობას ამყარებს ის გარემოებაც , რომ რუს სამხედროებს სამსახურის დასრულების შემდეგ უფლება აქვთ აფხაზეთში დარჩნენ, აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღონ და სახელმწიფოს მიერ კეთილმოწყობილი ბინაც საკუთრებაში დაიტოვონ. თან ეს მოქალაქეების ერთადერთი კატეგორიაა, რომელსაც აფხაზური კანონმდებლობით, უფლება აქვთ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ.
ანგარიშის ავტორები, ასევე აღნიშნავენ, რომ ათასობით სამხედროსაგან შემდგარი რუსული სამხედრო კონტიგენტის წარმომადგენლები ცდილობენ თვალში საცემი არ იყვნენ და აფხაზეთის მსხვილ ქალაქებში, სახალხოდ, მაინცდამაინც არ ფიგურირებენ.
"საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის წარმომადგენლების აფხაზეთში ყოფნის ერთი კვირის განმავლობაში და მათ მიერ ასობით კილომეტრის გავლის მიუხედავად, მათ მხოლოდ რამდენიმე რუსი "მესაზღვრე" და მხოლოდ ერთი სამხედრო სატვირთო მანქანა შეხვდათ. ადგილობრივებიც აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა გამიზნულად ტაქტიკა იყოს, რომელიც მოწოდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ინციდენტების რაოდენობა და "ოკუპაციის შეგრძნება" არ შექმნას.
ამასთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსები აკონტროლებენ აფხაზურ "საზღვრებს" , საავტომობილო გზებს და საზღვაო აკვატორიას რუსეთს სულაც არ სჭირდება იქ დიდი რაოდენობის სამხედრო კონტიგენტის მუდმივი ყოფნა, ვინაიდან სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ისევე როგორც სწრაფად შეიყვანოს ასევე სწრაფად გამოიყვანოს ჯარი იქიდან", _ ნათქვამია ანგარიშში.
* რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთში 2013 წლის მდგომარეობით. რუკაზე ზემოდან ქვემოთ: 1. რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ბლოკპოსტები, 2. საზღვაო ბაზა, 3. სამხედრო ბაზა აეროდრომით, 4. სამხედროები, 5. მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, 6. აღიარებული სახელმწიფო საზღვარი, 7. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი, 8. საზღვრები აფხაზეთის რაიონებს შორის.