რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის მეშვიდე ე.წ. მთავრობათაშორისო სხდომა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს მიეძღვნება ცხინვალში 18-19 აპრილს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის თავმჯდომარეობით ცხინვალის რეგიონში ჩასული რუსული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, რუსული დელეგაციის ვიზიტის შედეგებზე იმსჯელეს დღეს ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე.
"რაშიდ ნურგალიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი - რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორია და სწორედ ამ სიბრტყეში გაგრძელდება მომავალი თანამშრომლობა მათ შორის", _ წერს ოსური მხარე.
"დაფინანსება და მომავლის ეფექტური თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტებია. რუსეთის დახმარე მომავალში უფრო საგნობრივი იქნება. ჩვენ სათნოებით ვეკიდებით სამხრეთ ოსეთს და ვცდილობთ აქ ეფექტურად ვიმუშავოთ", _ განაცხადა რაშიდ ნურგალიევმა.