აფხაზურ მედიაში არ ცხრება ისტერია თურქეთში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის ნუსხიდან აფხაზეთის, როგორც "დამოუკიდებელი" ერთეულის ამოღებასთან დაკავშირებით.
თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის თავმჯდომარე ფერიდუნ აკუსბა აცხადებს, რომ მათთვის მონაწილე-ქვეყნის "აფხაზეთის" სახელწოდების შეცვლა "აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა"-ზე კატეგორიულად მიუღებელია. ამას გარდა ფერიდუნ აკუსბა თურქულ მხარეს საყვედურობს იმას, რომ მან საქართველოს მცდელობებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
"აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ არის, მას სავსებით შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია საქართველოს მცდელობებისათვის პოლიტიზირებულიყო აფხაზური საბავშვო კორექტივის მონაწილეობა ფესტივალში", _ აცხადებს აკუსბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი, როგორც საქართველოს ავტონომიური ერთეული ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და სინანული გამოხატა აფხაზეთის იმ ქვეყნების ნუსხიდან ამოღების გამო, რომლებიც მიმდინარე წელს ანკარაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე არიან მიწვეული. აფხაზეთი ამ ფესტივალში მონაწილეობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში უნდა მიეღო.