სასამართლო პროცესი, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე პროფესორთა შერჩევისათვის გამართული კონკურსის რამდენიმე მონაწილე კონკურსის შედეგებს სასამართლოში აპროტესტებდა. ოთხი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლემ მოსარჩელე მხარის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
თსუ-ში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი რექტორის გიორგი ხუბუას 2009 წლის 16 ივნისის ბრძანებით 17 აგვისტოს გამოცხადდა. კონკურსში სულ 172 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. 18 პროფესორის სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 21 ოქტომბერს შევიდა. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი ორ ნაწილად გაიყო; 6 კონკურსანტის სარჩელის განხილვა დღეს დასრულდა, სარჩელი შეეხებოდა კონკურსის ჩატარების ვადებსა და პროცედურას. სასამართლოს გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. პროფესორთა მეორე ნაწილის პროცესი საქალაქო სასამართლოში 1 მარტს არის ჩანიშნული.