შიდა ქართლის გუბერნატორ ანდრო ბარნოვთან დაგეგმილ შეხვედრაზე დღეს რეგიონის არც ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე არ მივიდა.
შეხვედრაზე რეგინში ჩასატარებელი ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე უნდა ემსჯელათ.
როგორც ბარნოვმა აღნიშნა, ყველა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ გააფრთხილეს და ისინი თათბირს უნდა დასწრებოდნენ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა ხდება.
"ჩემი აზრით, გუშინ ღამით იყო რაღაც კოორდინაცია. მე ახლა არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია დავასახელოთ დავუშვათ, რომელმა მაჟორიტარმა ან პოლიციელმა დაავალა მათ, რომ არ მოსულიყვნენ. ძალიან სამწუხაროა. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ისევ ამ ადამიანებზე. მე მათ მიმართ არ მაქვს არანაირი პრეტენზია", - განაცხადა ბარნოვმა.
მისივე თქმით, გუშინ საღამოს შეხვედრაზე ყველა იყო თანახმა და ყველას მხრიდან დიდი დაინტერესებაც იყო.