ქსანში, # 7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ახალი კომპლექსი ერთ თვეში გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნოვეს, მშენებარე კომპლექსი დღეს უწყების ხელმძღვანელმა ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძესა და დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან ერთად დაათვალიერა.
კალმახელიძის თქმით, დასავლური სტანდარტების შესაბამის ახალ კომპლექსში გადაყვანის შემდეგ, ამჟამად მოქმედ ქსნის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება.
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოვიძიოთ კიდევ ერთი ასეთი დაწესებულების ასაშენებლად, რათა საქართველოში მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ არსებობდეს", - აღნიშნა მინისტრმა.
ახალ დაწესებულებაში შედის სამი საცხოვრებელი და ერთი ადმინისტრაციის კორპუსი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება რამდენიმე სპორტული მოედანი. პროექტში გათვალისწინებულია ასევე თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სისტემები. კომპლექსში განთავსდება რამდენიმეადგილიანი სამედიცინო ნაწილი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის.