ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ახალგორის რაიონის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხს საქართველოს გარეშე მოაგვარებს. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა.
"ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ თითქოს მზად არის სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონში გაზი გამოუშვას. ამ განცხადებას უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მიზანი აქვს", _ განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, ოსურმა მხარემ ჟენევაში შეახსენა ქართულ დელეგაციას, თუ ოთხი წლის განმავლობაში როგორ უშედეგოდ ცდილობდა ამ საკითხის გადაწყვეტას საქართველოს დახმარებით.
"დღეხ კი უკვე ჩვენ თავად ვგეგმავთ ამ საკითხის გადაჭრას, ისევე როგორც ლენინგორის რაიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და გზის საკითხი გადავწყვიტეთ. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ რაიონში სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის შემდეგ საზღვრის დროებითი გადაკვეთის რეჟიმი გადაიხედება", _ განაცხადა ჯიოევმა და აღნიშნა ისიც, რომ ოსურ მხარეს ქართული მხარე ახალგორის რაიონში გაზის მიწოდებას მომატებული ფასებით სთავაზობს.
"ბუნებრივ აირზე ფასი, რომელსაც ქართული მხარე გვთავაზობს სამჯერ უფრო მაღალია იმ ფასზე, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკის დანარჩენი მოსახლეობა იხდის", _ განაცხადა ჯიოევმა.