დღეს, 1-ელ აპრილს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემისა და ალბომის გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
XV საუკუნეში შექმნილი ქართულ-ბერძნული ხელნაწერი თავისი შინაარსით და გაფორმებით უნიკალურია. ორენოვანი ხელნაწერი სხვადასხვა ლიტურგიკულ ტექსტებსა და მინიატურების დამოუკიდებელ ციკლებს შეიცავს. ხელნაწერს არ ახლავს ანდერძი, ამიტომ მისის გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტად ცნობები არ მოიპოვება. თუმცა, მეცნიერების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხელნაწერი შეიქმნა ათონის მთაზე. ამჟამად ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში.
ღონისძიებას დაესწრებიან: წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლები.
ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა და ალბომი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.