საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს.
შუამდგომლობას ქეთი ბექაური დღევანდელ პროცესზე დააყენებს.
ადვოკატი მოსამართლეს ტენდენციურობაში ადანაშაულებს, რაც ბექაურის განმარტებით იმაში გამოიხატება, რომ სასამართლო განხილვა მოსამართლემ პროცესზე ბრალდებულის დასწრების გარეშე დაიწყო.
"დღევანდელ პროცესზე დავაყენებ წერილობით შუამდლომლობას მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით იმ მთელი რიგი კანონდარღვევის გამო, რომელიც გუშინდელ, საქმის გამხსნელ პროცესზე მერაბ ჯორბენაძემ გაბედა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ სხდომა ცოტნე გამსახურდიას გარეშე ჩაატარა", - განმარტავს ქეთი ბექაური.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს განაახლებს.