სტიქიის შედეგად დაზარალებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ 60 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ფიცარი და კოჭი გადასცა. დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალა გუშინ გვიან ღამით დაიტვირთა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ბაზიდან. მასალის დატვირთვას პირადად დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გიორგი ჯავახიშვილი და ოზურგეთის რაიონის გამგებელი კოტე შარაშენიძე.
„ოზურგეთის დაზარალებული მოსახლეობისთვის გათვალისწინებული აღნიშნული დახმარება აუცილებელი იყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მზადაა საშენი მასალები მიაწოდოს აღმოსავლეთ საქართველოში დაზარალებულ მოსახლეობასაც. შესაბამისად, სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი მიიღებს დახმარებას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ.
„ესაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის მასალა. ძირითადად, ფიცარი და კოჭები. 60 კუბური მეტრი მასალა საკმარისია, რათა დაიწყოს სახურავების აღდგენითი სამუშაოები. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გვაქვს ხის მასალის გარკვეული რაოდენობა ახალციხის ბაზაში, თბილისის მიმდიბარე ტერიტორიაზე და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას," - განაცხადა მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჯავახიშვილმა.
„სტიქიის შედეგად დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 100 ოჯახი. დაზიანდა ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 5 საშუალო სკოლა, კულტურის სახლი, 12 შენობა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მიღებული საშენი მასალით დილიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები," - განაცხადა ოზურგეთის რაიონის გამგებელმა, კოტე შარაშენიძემ.