ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გორის საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილება შევა. როგორც მან გორში სტიქიის შედეგად დაზარელებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, გორში აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისი თქმით, დაზიანებულია დაახლოებით 80-მდე სახლი.
"ზარალი ზუსტდება. სამწუხაროდ, 80-მდე სახლია გორში და გორის რაიონში დაზიანებული. ზუსტი მონაცემები ამ წუთს არ გვაქვს თანხობრივად რამდენია. დღეს უკვე ცვლილებას შეიტანს გორის ადგილობრივი საკრებულოს ბიუჯეტში. დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება გორის რაიონს", - განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, საჭიროა დროებითი სამუშაოების შესრულება - სახლების ე.წ ტენტებით და ბრეზენტებით გადახურვა.
"ვაკეთებთ მობილიზაციას, როგორც სახსრების ისე შესაძლოა, თავდაცვისა და შსს-ს აქვს შესაბამისი რეზერვები. იმედი გვაქვს, რომ წვიმამდე მოვასწრებთ დროებითი სახურავები გაკეთდეს სახლებზე", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ სახლების კაპიტალური გადახურვა ხვალიდან დაიწყება.
ნოდარ ხადური დღეს გორში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ადგილობრივებს შეხვდნენ და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.