გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. პრემიერი ორ უბანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.
"მემგონი თქვენც კარგად ამჩნევთ, რომ არ არის დაცული ტექნოლოგიები. არც ერთი ხე არ არის მოტეხილი, არც ერთი ხე არ არის მოთხრილი. ძიერი ქარის შემთხვევაში, კარგად იცით ბუნება როგორ ზიანდება. აქ ყველაფერი გასაგებია. არ უნდა იყო სპეციალისტი, ისედაც გასაგებია, რომ არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სახურავების დაზიანების მიუხედავად, კარგია რომ არავინ დაშავებულა.
ივანიშვილის განცხადებით, ყველაფერი სწორად, ტექნოლოგიების სრული დაცვით უნდა გაკეთდეს.
"სპეციალისტებმა უნდა იანგარიშონ და არა ერთმა კაცმა. ყველაფერი უნდა გააკეთოს სპეციალისტმა და მათზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს. შედეგად აღარ მივიღებთ ასეთ შედეგებს. აბა ვნახოთ მომავალში, ვნახოთ თუ მოვახერხებთ ჩვენ განსხვავებულად ავაშენოთ საქართველო", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ისინი ზარალის აღდგენისთვის დროს არ დაკარგავენ.
გორში, ძლიერი ქარის შედეგად დაახლოებით 80-მდე სახლია დაზიანებული.