სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრების ბრიფინგის დასრულებისთანავე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გორში გაემგზავრა, სადაც პირადად გაეცნო ზარალის შედეგებს და დაათვალიერა ის შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რათა სალიკვიდაციო სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. მისი განცხადებით, ხვალიდან დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და გამოყენებული იქნება როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური რესურსები იმისთვის, რათა ზიანი სწრაფად იქნას აღმოფხვრილი.
„საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, მათ შორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, სრულად არიან მობილიზებულნი იმისთვის, რათა როგორც კი მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები. ინფრასტრუქტრის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფელბა, მაჟორტარი დეპუტატი აქტიურად მუშაობენ, რათა სწრაფად გამოსწორდეს სიტუაცია. ფინანსთა სამინისტრო მზადაა გამოიყენოს შესაბამისი ფინანსური რესურსები, აქტიურად მუშაობენ ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ასე რომ, საქართველოს მთავრობა აქტიურ რეჟიმში მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ვითარების გამოსწორებას. ყოველთვის ჩქარობდა ძველი ხელისუფლება და ნაცვლად იმისა, რომ ის რესურსები, რომელიც მას ჰქონდა ეფექტურად გამოეყენებიდა და შედეგი დამდგარიყო, დღეს ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ხშირ შემთხევაში, ადამიანებისთვის სახიფათოა ასეთ შეკეთებულ სახლებში ცხოვრება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხარისხიანად, რათა ასეთი უბედურების გადატანა ჩვენს მოსახლეობას აღარ მოუხდეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.
გორში ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გორის მაჟორიტარი დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები