დღეს, 19 თებერვალს "კინოსახლის" მცირე დარბაზში "ადამიანის უფლებათა ცენტრი" წარმოადგენს ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის, "სინანულის სანაპიროს" პრემიერას. ფილმი აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა 45-წუთიან ფილმში
წარმოადგინა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა
და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის
იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს.
საარქივო მასალის გარდა, ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა. როგორც ირკვევა, თურქეთში გადასახლებული აფხაზებისა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს დიდწილად არ გაუფუჭებია. ორივე ხალხის წარმომადგენლები გულისტკივილით აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი სამარცხვინოლაქაა და დროა, საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა და აფხაზებმა იფიქრონ შერიგებაზე.
"ეს ფილმი არის საუკუნეობრივი ბრალდება რუსეთის იმპერიის მიმართ, რომელმაც აფხაზ ხალხს გენოციდი მოუწყო. ეს არის ასევე მესიჯი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებისათვის. ვფიქრობ, უკვე მივედით იმ კონდიციამდე, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკოსების საქმე აღარ არის. ჩვენ ერთ არეალში მცხოვრები ხალხი ვართ და მეგობრობის ნათელ მაგალითს თურქეთში გადასახლებული ქართველი და აფხაზი ოჯახები გვაძლევენ - როგორ მეგობრობენ, ნათესაობენ, ქორწინდებიან და უყვართ ერთმანეთი", - აცხადებს ფილმის რეჟისორი ნიკო წულაძე.
რეჟისორის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრები განათლებული აფხაზები დღეს რეალურად ხვდებიან, რას აპირებს რუსეთი აფხაზეთში. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი საბოლოოდ აპირებს ამ ხალხის გადაყლაპვას.
"აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ცდილობს, დააბრუნოს ისინი უკან. სურთ, უცხოეთში მცხოვრები აფხაზი ბიზნესმენებიც დააინტერესონ, მაგრამ მათ უნდობლობა აქვთ რუსეთის მიმართ. ამიტომ რჩება მეორე გზა - აფხაზებსა დაქართველებს შორის გულწრფელი და გულახდილი დიალოგის დაწყება არასამთავრობო სექტორის დახმარებით, სახალხო დიპლომატიით, საკლუბო შეხვედრებით და ა. შ.. ფილმს "სინანულის სანაპირო" იმიტომ ჰქვია, რომ დროა, გულწრფელი სინანული გამოვხატოთ მომხდარზე", - აცხადებს წულაძე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ფილმის პრემიერაზე იწვევს ქართულ-აფხაზური ურთიერთობით დაინტერესებულ ადამიანებს. ფილმის საპრემიერო ჩვენების შემდეგ, "სინანულის სანაპიროს" რეჟისორი მაყურებელს უამბობს, როგორ გადაიღო უმნიშვნელოვანესი კადრები და რა მასალა დარჩა კადრს მიღმა, რასაც შემდეგ ფილმის მეორე ნაწილში გამოიყენებს.