აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დავით ბალაძე დაინიშნა. ის 2012 წლის 3 ნოემბრიდან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” აჭარის მთავარობიდან აცნობეს, დავით ბალაძე პროფესიით ეკონომისტია. 2003 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო 2005 წელს მიენიჭა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მას, როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში გახლდათ კომპანიების - შპს „გალანტის," შპს „ნიუ სტარის," შპს „პრემიერ კლასის" და შპს "ანაგის" ფინანსური მენეჯერი. მუშაობდა 2007-2011 წლებში კორპორატიულ ბანკირად „საქართველოს ბანკში".
აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება.
მუშაობდა სტაჟიორად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საპარლამენტო მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე, სადაც ამზადებდა საგადასახადო კანონმდებლობაში, ნორმატიულ აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილების პროექტებს.
გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
მასალის გამოყენების პირობები