დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. დავით დარახველიძემ იმერეთში დარეგისტრირებულ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოსგან 19 წლის მანძილზე არაფერი მიუღიათ, სთხოვა, მიბრძანდნენ დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონალურ სამმართველოში და შეავსონ სპეციალური განაცხადი.
დავით დარახველიძე: „მინდა, ვაცნობო იმერეთის რეგიონში მცოვრებ დევნილებს, რომ განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ვიწყებთ დევნილთა განსახლების პროცედურებს. ქალაქ ტყიბულში უახლოეს პერიოდში მზად იქნება 35 ბინიანი საცხოვრებელი სახლი; სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე გვექნება 84 ბინიანი საცხოვრებელი სახლი; წყალტუბოში - ორი ობიექტი: ერისთავის ქუჩაზე 49 ბინიანი შენობა და ყოფილი „სტატისტიკის შენობა" 17 ოჯახისათვის. ასევე, ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე 20 ბინიანი საცხოვრებელი სახლი. მთლიანობაში იმერეთის რეგიონში გვექნება 205 ბინას 205 დევნილი ოჯახისთვის. ერთი თვის მანძილზე, დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველო მიიღებს დევნილებს და დაეხმარება მათ, შეავსონ განაცხადები, რომელიც ითვალისწინებს კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ფართების განაწილებას."
დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის სამმართველოში ერთი კვირის მანძილზე დევნილთა სამინისტროს ცენტრალური ოფისიდან მივლინებული იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან დევნილებს, რომ სრულყოფილად მოახდინონ მონაცემების აღნუსხვა. მინისტრის განცხადებით: „ეს არის ახლადშემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად საცხოვრებელი ფართის განაწილების დასაწყისი. არ გამივრიცხავ, გარკვეული წინააღმდეგობები შეგვხვდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დევნილებთან ერთად, ფართების განაწილების ამ სამართლიან და ობიქტურ, გამჭვირვალე პროცედურებს დავიწყებთ და მივიყვანთ ბოლომდე ასევე სამართლიანად და გამჭვირვალედ."
დღემდე სამინისტროს დევნილებისთვის ბინების განაწილების მსგავსი კრიტერიუმები არ გააჩნდა. კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა. დევნილი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინის განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.
რაც შეეეხება თაბად დოკუმენტს, განსახლების კრიტერიუმებს, მის შექმნაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილთა სამინისტროს სპეციალისტები და დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა სამინისტროების წარმომადგენლები