ხონის რაიონის სოფელ ახალშენში გაჩენილი ხანძალი ლიკვიდირებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ განუცხადა, ცეცხლი წუხელ, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ბუჩქნარს გაუჩნდა.
მისი თქმით, მთლიანობაში დაახლოებით, 15 ჰექტარზე დამწვარია ბუჩქნარი და ხეები.
ადგილზე ხანძარს ყველა მიმდებარე რაიონის სამაშველო-სახანძრო სამსახურის ბრიგადები აქრობდნენ.
ხანძრის კერების ლიკვიდაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. 4 საათის განმავლობაში მთავარი კერების ლოკალიზაცია მოხერხდა, დილისთვის კი, ცეცხლი მთლიანად ჩააქრეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის პრობლემის გამო, სამაშველო სამსახურმა ადგილზე დროულად მისვლა ვერ მოახერხა, რის შედეგადაც ცეცხლმა სახლებთან ახლოს მიაღწია. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.