საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის, ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობს.
კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების 15 ალბომი 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს. ძირითადად, წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომელიც გადაღებულია ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე სწორედ ამ ფოტოატელიეში მოღვაწეობდა. იგი ალექსადრე მიხაილოვის მოწაფე და ნათესავი იყო.
ფოტოალბომებში წარმოდგენილი ფოტოები პირველ რიგში, ასახავს მე-19 - მე-20 საუკუნების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში არსებულ ეთნოგრაფიულ სურათს. ფოტოებზე ასახულ ადამიანთა უმეტესობის ვინაობა უცნობია, თუმცა წარმოდგენილ რამდენიმე ფოტოს საკუთარი, გამორჩეული ისტორია აქვს.
აღსანიშნავია, რომ ფოტოალბომები მდიდარი მასალაა იმ მხატვარ-დეკორატორთათვის, რომლებიც ერთი საუკუნის წინანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფილმებისა თუ თეატრალური სპექტაკლებისათვის ესკიზებზე მუშაობენ. მრავალსერიანი ქართული ფილმის `დათა თუთაშხიას~ გადაღებებისას მხატვარი კახა ხუციშვილი, სხვა ფოტო თუ კინომასალასთან ერთად, ყურადღებით გაეცნო ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომებს.
უკვე რესტავრირებულ ერთ-ერთ ალბომში დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის ახალგაზრდობის ფოტოს.
რესტავრაციის პროცესში ალბომის ფოტოები და გვერდები შესაბამისი მეთოდით იწმინდება, ალბომი ხელახლა იკინძება, ისმება ახალ ყდაში და ეკვერება ფოტოების დამცავი ფენა.