საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას'' შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ, განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს 2010 წლის 17 თებერვალს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთსა და ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკას" შორის, გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ქ. გუდაუთაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 49 წლით, შემდგომი 15-წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტზე რუსეთ-საქართველოს ერთობლივი განცხადების თანახმად (რომელიც წარმოადგენს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის დასკვნითი აქტის მე-14 დანართს) რუსეთმა იკისრა ვალდებულება 2001 წლის 1 ივლისამდე დაეხურა გუდაუთის სამხედრო ბაზა.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთის გუდაუთის ბაზა დახურულია, ხსენებული ბაზა რუსეთის მხრიდან ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით აგრძელებდა ფუნქციონირებას მთელი შემდგომი წლების განმავლობაში. რის შესახებაც კარგად არის ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის", - საგარეო უწყების განცხადება.
საგარეო სამინისტროს განცხადებით, სწორედ ასეთი უკანონო ქმედებების ლეგალიზების მიზნით რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას მის მიერ შემუშავებული, "ევროპული უსაფრთხოების ახალი მოდელი". ამასთან, მოსკოვის მიზანია "ლეგიტიმური" იერი შესძინოს მის მიერ განხორციელებულ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციას და ანექსიას. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხსენებული ქმედებები ხორციელდება, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, რადგანაც, სწორედ კრემლის მცდელობით იქნა გაძევებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია და სწორედ რუსეთია ის მხარე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას.
რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებაც, (რაც თავისთავად ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკუთარ სამხედრო პლაცდარმად გამოყენების მიზანს ემსახურებოდა.
ვაშაძის უწყების თქმით, რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმების განხორციელება რეალურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებს.
"ამ კონტექსტში უსათუოდ გასათვალისწინებელია რუსეთის მიერ ამ ბოლო დროს მიღებული შესწორებები "თავდაცვის შესახებ" კანონში, რომელიც უფლებას აძლევს რუსეთს ჩაატაროს ე.წ. პრევენციული სამხედრო ოპერაცია ყველა იმ შემთხვევაში და ყველა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუ კი კრემლის რეჟიმი ამას საჭიროდ ჩათვლის. უფრო მეტიც, ახალი სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის პრევენციულ გამოყენებას ითვალისწინებს მოსკოვისათვის არასასურველი ქვეყნების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაციის მიმართულებით გადადგმული ამ ნაბიჯის გამო და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ამ უკანონო ქმედებებს და მიიღონ გადამჭრელი ზომები მათ აღსაკვეთად.