დღეს, 12 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის #25 საჯარო სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი. ურთიერთ თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის" ქვეპროგრამის-,,ავადობის აქტიური გამოვლენა (ჯანსაღი სკოლა)" ფარგლებში.
მემორანდუმს ხელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე მოაწერენ.
პროგრამა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების 3 225 აღსაზრდელის და ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების 1-8 კლასის 35 653 მოსწავლის გამოკვლევას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, სკოლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის და ნევროპათოლოგის, ხოლო საბავშვო ბაღებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის და ორთოპედის კონსულტაციები განახორციელდება.
პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ბენეფიციართა რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ბიოოფთალმოსკოპია, ტონომეტრია, ოფთალმოსკოპია, თვალის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენცეფალოგრაფია და სხვა სახის გამოკვლევები, სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" პროგრამას ,,ავადობის აქტიური გამოვლენა (ჯანსაღი სკოლა)" 2012 წელიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება აჭარის ა.რ. საჯარო და კერძო სკოლის 1-8 კლასის 34 574 მოსწავლეს ჩუტარდა. განხორციელდა ორთოპედის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ალერგოლოგის კონსულტაციები. წინასწარი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდა 1528 ინსტრუმენტული გამოკვლევა.
მასალის გამოყენების პირობები