მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი პიანისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაშია აღნიშნული ,,მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პიანისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო. ბატონი გიზი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია. იგი განუმეორებელი ნიჭითა და სიყვარულით ასრულებდა თითოეულ ნაწარმოებს, რაც სამუდამოდ დარჩება მისი ერთგული მსმენელის მეხსიერებაში..
სწორედ გიზი ამირეჯიბის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. იგი ბევრი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი გიზის ოჯახის წევრებს და გულითადად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას", _ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში ცნობილი პიანისტი გიზი ამირეჯიბი გარდაიცვალა. გიზი ამირეჯიბი 1927 წელს თბილისში დაიბადა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
გიზი (თენგიზ) ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მ.დოიჯაშვილი, ა.კორსანტია, ე.ბოლქვაძე, მ.ნადირაძე, თ.ლიჩელი, ხ. ბუნიათიშვილი და სხვ.).
გიზი ამირეჯიბმა 1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.
ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.
კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში ეჭირა შოპენის ნაწარმოებებს.
მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.
გიზი ამირეჯიბს 14 მარტს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანეთეონში დაკრძალავენ.