ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კონტროლის სამმართველოს მთავარი ინსპექტორი ზვიად მემანიშვილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მემანიშვილმა ერთ-ერთი მეწარმის კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ინვენტარიზაციისას, გამორჩენის მიზნით, არ აღრიცხა რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სასურსათო საქონელი.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ყურადღება არ მიაქცია საბუღალტრო დოკუმენტაციის გაუმართაობას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.