მოსკოვსა და სოხუმს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმებულია.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და სოხუმის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მოაწერეს. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და სეპარატისტთა ლიდერიც დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი ბაზის გამოყენებისა და ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს. ასევე ის ადგენს მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების გამოყენების წესებს, ბაზის პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახების წევრების სტატუსს.
დოკუმენტის მოქმედების ვადა 49 წელია.