ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საზაფხულო თეატრი მაინც გახსნა.
მისი თქმით, თეატრი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ინიციატვით აშენდა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ბათუმისთვის, რადგან ეს თეატრი იყო ოთხჯერ უფრო პატარა, ვიდრე რაც აშენდა. აღადგინეს ლევან ვარშალომიძის ინიციატივით და იმისათვის, რომ ბათუმში არ მოხდეს ჩავარდნა ტურიზმში, რაც სამწუხაროდ ხდება საქართველოში ბევრ ადგილზე. იმისათვის, რომ ხალხს არ მოაკლდეს შემოსავალი ბოლო თვეებში და წლებში, ასეთი ობიექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ბოლო დროს ბათუმში ხშირად აღარ დადის
"საერთოდ აღარ დავდივარ ხშირად, ბოლო ხანებში, ბათუმში. არ ვაპირებ ხშირად სიარულს იმიტომ, რომ ბათუმელებმა უნდა დიანახონ, გაიგონ და მიხვდნენ, რომ, რა თქმა უნდა, ეს კეთდება მათთვის, მათი სამუშაო ადგილების გაზრდისთვის, იმისთვის, რომ არ ჩაკვდეს აქ ცხოვრება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს, 4 მარტს, დაგეგმილი საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები შეაჩერა.
მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს აპირებდა ბათუმში ერთ-ერთი ობიექტის გახსნას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა გამოსცა ბრძანება #01/25 "საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადების შესახებ".
"როგორც ცნობილია დღეს, 2013 წლის 4 მარტს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზაფხულო თეატრის გახსნა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო თეატრი შენდება ქ. ბათუმის ბიუჯეტის სახრებით და შესაბამისად მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხერხდება, რადგან მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისი ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზისითაც", - ნათქვამია ბრძანების სამოტვაციო ნაწილში.
შემდგომ ჩავლეიშვილი "ბრძანებს", რომ შეჩერებულ იქნეს საზაფხულო თეატრის გახსნათან დაკავშირებული ღონისძიებები და ავალებს ბათუმის მერს ბრძანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოქმედი კანონდებლობის მიხედვით.