ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს, 4 მარტს, დაგეგმილი საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები შეაჩერა.
მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს აპირებდა ბათუმში ერთ-ერთი ობიექტის გახსნას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა გამოსცა ბრძანება #01/25 "საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადების შესახებ".
"როგორც ცნობილია დღეს, 2013 წლის 4 მარტს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზაფხულო თეატრის გახსნა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო თეატრი შენდება ქ. ბათუმის ბიუჯეტის სახრებით და შესაბამისად მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხერხდება, რადგან მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისი ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზისითაც", - ნათქვამია ბრძანების სამოტვაციო ნაწილში.
შემდგომ ჩავლეიშვილი "ბრძანებს", რომ შეჩერებულ იქნეს საზაფხულო თეატრის გახსნათან დაკავშირებული ღონისძიებები და ავალებს ბათუმის მერს ბრძანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოქმედი კანონდებლობის მიხედვით.
პირველ რიგში, ცუდი არ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტოს, კონკრეტულად რას გულისხმობდა მერისთვის მიცემულ დავალებაში ნათქვამი ფრაზით - "მოქმედი კანონდებლობის მიხედვით".
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე არ აკონკრეტებს თუ რატომ არ აცნობეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის მიერ განცხადების გაკეთებამდე ადრე, რომ ობიექტის გახსნა ვერ მოხერხდებოდა მისი დაუსრულებლობის გამო? რატომ იყო აუცილებელი ბრძანებაში იმის ხაზგასმა რომ თეატრი შენდება ბათუმის ბიუჯეტით და შესაბამისად, მისი გახსნის თაობაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რომ იღებს გადაწყვეტილებას? ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება გარკვეული საბოტაჟის შემცველი? ჩავლიშვილის მიერ დადგენილი პრეცენდენტი ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტირს ან ნებისმიერი თანამდებობის პირს უფლება ერთმევა საქართველოს თვითმმართველ ერთეულში გახსნას ცალკეული ობიექტი თუ მისი მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება? მორალური თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება?
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პოლიტიკური არათავსებადობისა, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი და იმის გათვალისწინებით, რომ თავად "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს საკუთარ თავის იმის უფლებას, რომ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას მოეკიდოს ზერელედ, ამის უფლება საკუთარ თავს არც ერთმა ჩინოვნიკმა არ უნდა მისცეს.
სხვა საკითხია ცაკლეული ინდივიდებისა თუ საზოგადეობის წარმომადგენელთა განწყობა ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც არანაირად არ უნდა აისახოს საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციების წარმომაგდენელთა დამოკიდებულებაში.