დღეს, 28 თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "რადისონ ბლუში", აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, დოკუმენტი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, საზოგადოებას ამჯერად აჭარაში წარედგინება.
ღონისძიებას დონორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ლანგერბერგი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე დაესწრებიან. პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრი ჰოლანდიელ დიპლომატს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიღებს. შეხვედრა უწყებაში 15 საათზე შედგება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პროექტი ჰოლანდიის დიპლომატიურ უწყებასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა და იგი ავტონომიური რესპუბლიკის გრძელვადიანი განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის საშუალებას სექტორების მიხედვით იძლევა. ინოვაციური პროექტის ღირებულება 250 ათას ევროს შეადგენს. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა, არქიტექტორ ზვიად ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.