სებ-ი "თიბისი ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" წილების შესაძლო გასხვისებაზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით".
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისათვის ერთგვარად ბოდიშიც კი მოიხადა.
"ვწუხვარ, თუ რამე არასწორად ვთქვი", - განაცხადა ჟურნალისტებთან თბილის საერთაშორისო აეროპორტში ბაქოში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
"ინფორმაციები, რაც მე მქონდა, საბედნიეროდ, არ დადასტურდა და ძალიან ვწუხვარ, თუ რამე არასწორად ვთქვი. ნამდვილად ვიცი, რომ რუსულ ბანკებს აქვთ ქართული ბანკების შეძენის ინტერესი. ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ბანკი, რომელიც დავასახელე აწარმოებს შერწყმის მოლაპარაკებას ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ალბათ ისინი ამას არ უარყოფენ, თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ჩემდაუნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის პრობლემა შემექმნა", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა.