საქართველოს პრეზიდენტი ქართულ საბანკო სივრცეში რუსული კაპიტალის შემოდინებაზე ალაპარაკდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკვე მიღწეულია შეთანხმება და „ლიბერთი ბანკი" რუსული „სბერბანკის" საკუთრება ხდება.
„რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი „ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან „თიბისი ბანკს" ყიდულობს. „ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის „გაზპრომ ბანკი", რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა სურს. უნდა გვესმოდეს, რომ ქართველების 60-70 %-ი ამ ბანკებშია ჩადებული, კრედიტებით, იპოთეკით და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკა წავა ქვემოთ. თუ ზრდა არ მოხდება, დიდი ალბათობით ვიღაცა კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ანალოგიურ მდგომარეობაში უკვე მოექცა უკრაინული საბანკო სისტემა და უკრაინაში კაპიტალის 70 %-ს რუსეთის ხელთაა, რის გამოც ევროპას უკრაინაზე „ცივი რექაცია აქვს".