არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტი სავალდებულო მარკირებისგან განთავისუფლდა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლები განმარტავდნენ, არაალკოჰოლური პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გადის, სავალდებულო ელექტრონული მარკირების პროცედურებისგან განთავისუფლდება. თუმც ამ დროისათვის ანალოგიური გადაწყვეტილება შიდა ბაზრისთვის მიღებული არ არის.
ფინანსთა მინისტრი კი განმარტავს, რომ სამინისტრომ საკითხში უკეთ გარკვევისთვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის 2 თვიანი ტაიმ-აიტი აიღო.
"ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო ჩემთვის, რადგანაც მათგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე. მათი მხრიდან არის სრული მზაობა იმაზე, რომ ვითანამშრომლოთ. გადაწყდა, რომ ჩვენ მარტის შუა რიცხვებში ერთმანეთს ბორჯომში შევხვდებით. ასევე ყველა საწარმოში მივალ და არსებულ ვითარებას ადგილზე გავეცნობი. ფინანსთა მინისტრის ბრძანება უკვე გამოვიდა, რომლის მიხედვითაც საექსპორტო პროდუქცია საერთოდ აღარ იქნება მარკირებული, რათა სხვა ქვეყნებში მათი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი არ გავუარესოთ, ხოლო სხვა გადაწყვეტილების მისაღებად ფინანსთა სამინისტრომ 2 თვე აიღო"- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურმა.
"ასოციაცია ვითხოვდით სავალდებულო მარკირების გადასახადის გაუქმებას. საბედნიეროდ დღეს მოხდა შეთანხმება და ფინანსთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობის ამოქმედება 1-ელ მაისამდე გადაიდოს, რაც ძალიან სასიხარულოა. სასიხარულოა იმ გაგებით, რომ არის ძალიან კონსტრუქციული დიალოგი ფინანსთა სამინისტროსთან. ბიზნესმენები ამ შეხვედრით კმაყოფილნი ვართ"- აცხადებს სს „იბერია რეფრეშმენტსის" განერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
ლომჯარის თქმით, სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება თუ მაინც მოხდება, გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, დაუმუშავებლად არ იქნება მიღებული.
"არ მოხდება საკითხის შემოღება დაუმუშავებლად. მარკირება, რომ შემოღებულიყო ამას მოყვებოდა აუცილებლად ფასების გაძვირება და ეს იქნებოდა ასევე დამატებითი გადასახადი კომპანიისათვის. ჯერჯერობით კარგი რაც მოხდა ის არის, რომ ექსპორტი სავალდებულო ელექტრონული მარკირებისგან საერთოდ განთავისუფლდა.
უკვე გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა, მარტის შუა რიცხვებში შედგება ბორჯომში. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ საწარმოებს ადგილზე ეწვიოს. სწორედ ბორჯომში მოხდება საბოლო შეთანხმების მიღწევა მარკირების გადასახადზე"-განმარტავს ლომჯარია.
აღსანიშნავია, რომ თუ კი ნოდარ ხადურის საბოლოო ვერდიქტი - შიდა ბაზრისთვის სავადლდებულო ელექტრონული მარკირება იქნება, ბიზნესი წინასწარ კომენტარს აღარ აკეთებს- გაძვირდება თუ არა მაინც პროდუქცია.
შეგახსნებეთ, რომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებას მოითხოვენ. ამ და სხვა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია" უკვე შექმნეს, რომელშიც ამ ეტაპისთვის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო", სს „იბერია რეფრეშმენტსი", შპს „აქვა გეო" და სს „წყალი მარგებელი" არიან გაერთიანებულნი. თუმც როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ასოციაციის წევრთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება, რადგანაც ასოციაცია მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან უკვე აწარმოებს.
ასოციაციის წევრთა განმარტებით, კომპანიების კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, როგორც გაერთიანების, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზაზე. ასოციაცია მზადაა ბიზნესში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიაწოდონ.
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწევენ შეთანხმებას, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კომპანიებისათვის და მათი მომხმარებლებისთვის იქნება მისაღები.
კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სავალდებულო მარკირების პროცესის ამოქმედებას უარყოფითი ეკონომიკური ეფექტიც ექნება. მათი ინფორმაციით, ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღებას ცალსახად უარყოფითი ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება. ანუ, ახალი რეგულაციით გათვალისწინებული ელექტრონული მარკირების სისტემა, იმის გამო, რომ მისი მომსახურების საფასური კომპანიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ყველა შემთხვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე. პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც. მსგავსი ტიპის პროდუქციისთვის კი ფასების თუნდაც უმნიშვნელო ზრდა, მაშინვე იწვევს რეალიზაციის შემცირებას. ეს ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებასაც გამოიწვევს და საბოლო ჯამში გამოვა ისე, რომ კომპანიებს ნაკლები შემოსავალი გვექნება და ბიუჯეტშიც ნაკლებს შევიტანთ გადასახადების სახით. ანუ, ბიუჯეტს ფული მოაკლდება და თანხები წავა მხოლოდ შვეიცარიულ ფირმაში, რომელიც ამ ყველაფერს მოემსახურება. სახელმწიფოსთვის ეს კანონი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა იყოს მომგებიანი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SIC, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს.