ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მცხეთის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 57 ოჯახს შეშა დაურიგა. დახმარება იმ ობიექტებზე დარიგდა, რომელიც გაზიფიცირებული არ არის და ზამთარში შეშით თბებიან.
შეშა დღეს 2 ობეიქტზე დარიგდა - ტურბაზა „მცხეთა", სადაც აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი ცხოვრობს და საგურამოში, ყოფილი ტელევიზიის შენობაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 57 ოჯახი ცხოვრობს. თითო ოჯახმა დაახლოებით 4 კუბური მეტრი შეშა მიიღო.
როგორც დევნილები აცხადებენ, 20 წლის მანძილზე მათ დახმარება პირველად გაუწიეს. „20 წელია წვალობით ვცხოვრობთ და ჩვენკენ არავის გამოუხედია, არც არავინ მოსულა და მოვუკითხივართ. პირველი შემთხვევაა, როცა გავახსენდით და შეშაც მოგვიტაეც. ჩვენთვის ესეც შვებაა, რადგან სათბობადშეშას ვიყენებთ და აქ გაზი არ არის. იმედით ვართ და უკეთესობას ველოდებით" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ცისანა გვილავამ.
როგორც დევნილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია აცხადებს, შეშით სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებსაც დაეხმარებიან: „იქ, სადაც გაზიფიცირება არ არის, დევნილები ძირითადად შეშას მოიხმარენ. შესაბამისად, დღეს 67-მა ოჯახმა მიიღო დახმარება. პროცესი სამეგრელოს რეგიონშიც გაგრძელდება. საუბარია ობიექტებზე, სადაც მხოლოდ შეშით თბებიან.