ქართული მხარე კონკრეტულად მარეკ დუდაევის გათავისუფლების საკითხით დაინტერესებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა ჩვეულებას არ უღალატეს და ნოდარ (მარეკ) დუდაევის გათავისუფლება კვლავ მოითხოვეს. მათ მოუწოდეს ქართულ მხარეს "მაქსიმალურად ჩაერთოს მის ბედის გარკვევაში, იმისათვის რათა ის შეიწყალონ და გაათავისუფლონ". ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის მკვიდრს, დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მოქმედი ამნისტიის შესახებ კანონი არ აკეთებს განსხვავებას ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე.
"ქართული მხარე კონკრეტულად მარეკ დუდაევის გათავისუფლების საკითხით დაინტერესებას არ გეგმავს. მოქმედი ამნისტიის შესახებ კანონი არ აკეთებს განსხვავებას ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე.
თუ მიღებული კანონი შეეხება ამ მსჯავრდებულს იგი ან გათავისუფლდება, ან პატიმრობის დარჩენილი ვადა შეუმცირდება", _ აღნიშნავს სუჯაშვილი და დასძენს, რომ ამნისტიის ახლად მიღებული კანონი ჯერ კიდევ ძალაშია და თუ რაიმე სიახლე იქნება ეთნიკურად ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლების კუთხით, ქართული მხარე ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე გააჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ (მარეკ) დუდაევს გათავისუფლების მოთხოვნას ოსური მხარე მისი დაკავების დღიდან აყენებს. დუდაევი სისხლით ოსი არ არის - ის წარმოშობით ჩეჩენია.
2005 წლის 25 ნოემბერს მარეკ დუდაევს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მკვლელობისთვის, გამომძალვებლობისა და ბანდიტიზმისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამჟამად სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.
აღსანიშნავია, რომ დუდაევის ცხოვრება ტრაგიკული ისტორიებით არის დამძიმებული. ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდმა საკუთარი თვალით იხილა მამის მკვლელობა, დის გაუპატიურება და დედის დაწვა. ეს დანაშაული დღემდე გამოძიებული არ არის.
ოსი სეპარატისტები ნოდარ (მარეკ) დუდაევის გათავისუფლებას, ნებისმიერ ფასად, მისი დაკავების დღიდან მოითხოვენ, მაგრამ ამ შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწიეს. როგორც ჩანს, დუდაევი ქართველი სამართალდამცველებისთვისაც ძვირად ფასობს, რადგან იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში დაპატიმრებულ ქართველ სამხედრო ტყვეებზეც კი არ გაცვალეს.
2005 წლის 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და მოითხოვეს, სეპარატისტულ ე.წ. ხელისუფლებას გაეთავისუფლებინა მათი თანასოფლელები, რომლებიც იმხანად ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ მარატ კულახმეტოვის მცდელობის მიუხედავად, აქცია არ ცხრებოდა. ცხინვალმა ქართველი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ მყისვე მარეკ დუდაევის გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს შსს-მ მაშინაც პირდაპირ განაცხადა, რომ დუდაევის გაცვლას არ დათანხმდებოდა.
2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს მარეკ დუდაევი ძმებ ხაჭაპურიძეებში უნდა გაეცვლა. თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ე.წ. შს მინისტრის მიხეილ მინძაევის ცნობით, გაცვლა არ შედგა.