აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში დარწმუნებულია, რომ ბელორუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
"პოლიტიკა არის პოლიტიკა. საკითხები ერთ დღეში არ წყდება. ბელორუსი ჩვენთვის ახლობელი ქვეყანა. ის აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას", - ამის შესახებ ბაღაფშმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, სეპარატისტთა ლიდერის განმარტებით, "აფხაზეთის ეკონომიკა და კულტურა ისე უნდა განვითარდეს, რომ არავინ დასვას შეკითხვა: აღიაროს თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობა?".
სტუდენტებთან შეხვედრისას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან "კარგი ურთიერთობის" აუცილებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ "მისი მთავრობა მზად არის უკრაინელ ხალხთან მომავალი თანამშრომლობის მიზნით სასაუბროდ".
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში. მზად ვართ ვისაუბროთ უკრაინელ ხალხთან მომავალი თანამშრომლობის მიზნით", - დასძინა ბაღაფშმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსკოვში ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს და პატრიარქ კირილს შეხვდება. ბაღაფს პრემიერ-მინისტრი პუტინიც მიიღებს.
მედვედევი და ბაღაფში ოფიციალურად გააფორმებენ რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
სეპარატისტთა ლიდერი რუსეთში შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ის მოსკოვში გუშინ პირველად ჩავიდა.