აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში საქართველოსთან ყველანაირი სახის ურთიერთობას გამორიცხავს.
აღნიშნული განცხადება ბაღაფშმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა და აქვე განმარტა, რომ აფხაზეთი მხოლოდ იმ ქვეყნებთან ითანამშრომლებს, რომლებიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს.
სტუდენტებთან შეხვედრისას ბაღაფშის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთისა და აფხაზეთის "200-წლიანი ურთიერთობაც" იყო. როგორც სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია და საფრთხის შემთხვევაში მისი მხარდაჭერის იმედი ისევ აქვს.
"რუსეთი და აფხაზეთი ისტორიულად სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ 200-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. აფხაზეთი რუსეთის პატრონაჟის ქვეშ ჯერ კიდევ მაშინ შევიდა, როცა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I იყო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და რუსეთი სხვადასხვა სახელმწიფოები არიან, ჩვენთან ბევრი რუსი ცხოვრობს. აფხაზებს რუსეთის იმედი ყოველთვის გვექნება და გვჯერა, რომ საფრთხის შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია კვლავაც ჩვენს გვერდით დადგება", - განაცხადა ბაღაფშმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსკოვში ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდება.
მედვედევი და ბაღაფში ოფიციალურად გააფორმებენ რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
სეპარატისტთა ლიდერი რუსეთში შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ის მოსკოვში გუშინ პირველად ჩავიდა.