გასულ წლებში ზამთრის ცივ პერიოდში აჭარაში ტურისტების მაღალ მაჩვენებელს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებსა და სხვა გასართობი ღონისძიებებს უკავშირებს, რომელიც რეგიონში იმართებოდა. არჩილ ხაბაძის განმარტებით, თუ შევადარებთ რა კოლოსალური თანხები იხარჯებოდა ამ ღონისძიებებისთვის, მაშინ ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მოსახლეობისთვის მიზერული იყო.
"აჭარაში ზამთრის პერიოდი ყოველთვის ტურისტების ნაკლებობით ხასიათდებოდა, თუმცა წლევანდელი მონაცემებით შიდა ტურიზმი შემცირდა, უცხოელი ტურისტების რიცხვი ოდნავ გაზრდილიცაა. გასულ წლებში სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით შიდა ტურისტთა რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა განპირობებული იყო ისეთი ღონისძიებების ჩატარებით როგორებიცაა ცნობილი ვარსკვლავების კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები. თუ შევადარებთ რა კოლოსალური თანხები იხარჯებოდა ამ ღონისძიებებისთვის, ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მოსახლეობისთვის მიზერული იყო.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზამთრის განმავლობაში ეწევა სხვადასხვა საქმიანობას, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ"- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არჩილ ხაბაძე. მისივე ინფორმაციით, შიდა ბაზარზე ტურისტების მოსაზიდად და აქტიური სეზონის დაწყებამდე იგეგმება ტურიზმის კვირეულის ჩატარება, 5 ახალი ტურისტული მარშრუტის შემუშავება, ტურიზმის ახალი სახეობების პოპულარიზაცია, 17 სახეობის ახალი და განახლებული სარეკლამო თემატური ბროშურების გავრცელება (სოფლად ტურიზმის, ღვინის ტურიზმის, მთიანი აჭარის, ყველა მუნიციპალიტეტის შესახებ) როგორც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, ისე ექსპო-ბათუმის, ექსპო-ჯორჯიას ტურისტულ გამოფენებზე, სატელევიზიო რეკლამები როგორც ტურიზმის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების,ასევე სხვა ღონისძიებების შესახებ.
როგორც ხაბაძე განმარტავს, 2013 წლისთვის საერთაშორისო სარეკლამო კამპანიების ქვეყნების არეალი გაფართოვდება.
"სარეკლამო კამპანიის კუთხით 2013 წლისთვის ჩვენ ვზრდით საერთაშორისო სარეკლამო კამპანიების ქვეყნების არეალს: თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი კვლავაც რჩება სამიზნე ქვეყნებად, მათ რიცხვს ემატება ყაზახეთი, ბელორუსია და რუსეთი. როგორც ვიცი, დაგეგმილია სარეკლამო კამპანიები ისრაელსა და პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც წელს გაორმაგდება ტურისტული ჩარტერული რეისები. ამ მოკლე დროში, რაც მე მთავრობის თავმჯდომარე ვარ, არა ერთ უცხოურ დელეგაციას შევხვდი, რომელთა მთავარი სურვილი ტურისტულ და სამშენებლო სფეროში ინვესტიციების შემოტანაა. მერწმუნეთ, ასეთი დელეგაციები საუკეთესო ინფორმატორები არიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ ტურისტულ და ბიზნეს გარემოს შესახებ"- აცხადებს ხაბაძე.