მთავრობა თვითმართველობების დეცენტრალიზაციას და მათ გაძლიერებას მოახდენს. რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, რეფორმა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება იქნება საკმაოდ მაშტაბიანი და ადგილობრივი თვითმართველობა იქნება პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
„ძალიან ბევრი სიახლეა და ის მოიცავს თითოეულ სოფელში საზოგადოებრივი თვითმართველობის ფორმირებას, თვითმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდას, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას, სამხარეო დონეზე საბჭოების ფორმირებას და სამხარეო დონეზე ბიუჯეტების გაჩენას. ასევე კომპეტენციების, ფინანსებისა და ძალიან ბევრი საკითხის განხილვას. ეს არის მსხვილმასშტაბიანი რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. სხვადასხვა დროს რაღაც ცვლილებები ხორციელდებოდა, და საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ მოვწყდით საბჭოთა სივრცეს, როდესაც მთლიანად ვერტიკალზეა დაფუძნებული მართვის სისტემა ქვეყანაში. ამ რეფორმის შედეგად უნდა მივიღოთ მოდელი რომლითაც კომპეტენციები იქნება გამიჯნული ხელისუფლების დონეებს შორის, ფინანსური რესურსები გამიჯნული და ისინი იქნებიან ანგარიშვალდებული საკუთარი ამომრჩევლების წინაშე და არა ცენტრალური ვერტიკალის მიმართ", - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.