დღეს, 17 თებერვალს, მოსკოვში ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდება.
მედვედევი და ბაღაფში ოფიციალურად გააფორმებენ რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
სეპარატისტთა ლიდერი რუსეთში შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. როგორც მან გუშინ განაცხადა, "მოუთმენლად ელის, როდის აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ბელორუსი".
"აფხაზეთის ხელისუფლებისთვის ახლა ყველაზე აქტუალური რუსეთ-ბელორუსის კავშირში გაწევრიანება და უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა", - განმარტა ბაღაფშმა.
დღესვე ბაღაფში სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდება. როგორც სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, უწმინდესთან აფხაზეთის ეკლესიის მომავალზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ სერგეი ბაღაფში მოსკოვში გუშინ პირველად ჩავიდა.