დღეს, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ("ქარვასლა") იაპონური თოჯინები გამოფენა გაიხსნება. იაპონიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი აწყობენ ტრადიციული იაპონური თოჯინები გამოფენას.
იაპონიის საელჩო საქართველოში წარმოადგენს თავის პირველ კულტურულ ღონისძიებას, ტრადიციული იაპონური თოჯინის _ ნინგუოების გამოფენას., რომელიც იაპონური კულტურისა და ხელოვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქალბატონ იუნკო კამოჰარას კერძო კოლექცია.
სიტყვა "ნინგუოს" ორმაგი დატვირთვა აქვს: იაპონურად იგი ნიშნავს ადამიანის ფიგურას და ასევე თოჯინას. ტრადიციულ ნინგუოთა უმეტესობა არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ისინი ძირითადად პატივისცემის და თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენენ. უძველესი დროიდან მოყოლებული, იაპონიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანის მსგავს გამოსახულებებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ისინი წარმოადგენდნენ ნაყოფიერების თილისმებს, სარიტუალო დაკრძალვის მონაწილე ფიგურებს, ბავშვების დამცავ ამულეტებს, სამშობლოს დამცავი სულების დროებით განსასვენებელს, სპეციალურ საჩუქრებს განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად. იშვიათად მათ ბავშვის სათამაშოს დატვირთვაც ჰქონდათ.
მე-11 საუკუნეში, ჰეიანის პიკის მახლობლად, შექმნილი თოჯინები დღესაც ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს. ხოლო მოგვიანებით, "ედოა" პერიოდში იაპონური თოჯინის კულტურამ ზენიტს მიაღწია. განვითარდა თოჯინებით ვაჭრობა. მათზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა, რაშიც შეძლებული ადამიანების ფენამ დიდი როლი შეასრულა. ისინი თოჯინებით აფორმებდნენ საკუთარ სახლებს, იყენებდნენ საჩუქრად. გაზრდილი მოთხოვნილებების გამო თოჯინების ფორმა იხვეწებოდა, რთულდებოდა და ზომაში იზრდებოდა.
იაპონური თოჯინა წარმოდგენილია ბავშვის, საიმპერატორო კარის მებრძოლის, გმირის, ჩვეულებრივი ადამიანების სახით. ბევრ მათგანს დიდი ისტორია, ტრადიცია და ფუნქციური დატვირთვა აქვთ. ასე მაგალითად: იშო-ნინგუო, ანუ მოდური თოჯინა ყველაზე მრავალფეროვანია. ისინი განასახიერებდნენ ლამაზ ქალებს და პოპულარულ მსახიობებს. თოჯინის ეს ტიპი მე-17 საუკუნეში წარმოიშვა; მუშა-ნინგუო მებრძოლი თოჯინაა, რომელიც წარმოადგენს სამურაის სულის განსახიერებას; ჰინა-ნინგუო - იაპონურ თოჯინებს შორის ყველაზე კლასიკური, რომელიც მხოლოდ ჰინამაცურის (თოჯინების) დღესასწაულზე იყო წარმოდგენილი. ეს იყო 15 თოჯინისაგან შემდგარი ნაკრები; იჩიმაცუ-ნინგუო - თოჯინის ეს ტიპი ყველაზე ახლოს დგას დასავლურ თოჯინასთან. ისინი განასახიერებენ პატარა ბავშვებს ხორცისფერი კანითა და მწვანე თვალებით; ჰაკატა-ნინგუო თიხის თოჯინაა, რომლისთვისაც დამახასიათებელი გლუვი, თეთრი კანი; კოკეში-ნინგუო მარტივი თოჯინაა, რომელიც ითვლება ხალხური ხელოვნების ნიმუშად; ტაკედა-ნინგუო თეატრალური თოჯინაა, რომლებიც გამოსახავენ განსაკუთრებულ პათოსს, ძლიერ ემოციას. ეს თოჯინები დამაგრებულია სადგამზე სხვადასხვა დრამატულ პოზაში და იაპონიაში მე-19 საუკუნიდან არის პოპულარული; კიმეკომი-ნინგუო - განსხვავებული ტექნოლოგიით შექმნილი თოჯინაა, რომელიც დაფარულია ხით და დრაპირებული ქსოვილით, რაც ტანსაცმლის ილუზიას ქმნის. ეს მეთოდი იმდენად დახვეწილია, რომ თოჯინასთან შეხებამდე, იქმნება ნამდვილი სამოსის შთაბეჭდილება.
გამოფენა 2 ნოემბრამდე გასტანს.