კომპანია „ნატახტარი" უერთდება „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის" განცხადებას იმის თაობაზე, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაცია უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს. „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორის თორნიკე ნიკოლაიშვილის თქმით: „აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მარტო პროდუქციის (ჩვენს შემთხვევაში ლიმონათის) თვითღირებულების ზრდა, არამედ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გაძვირებაც და რაც ყველაზე მტკივნეულია, ჩვენი საექსპორტო პოტენციალის მკვეთრად გაუარესება. წელს „ნატახტარის ლიმონათი" უკვე 20 ქვეყანაში გადის და ჩვენს ქვეყანას და ქართულ წარმოებას უწევს, პირველ რიგში, პოპულარიზაციას. ჩვენ გვესმის სახელმწიფოს მხრიდან აღრიცხვიანობის საჭიროება და მნიშვნელობა, მაგრამ მეწარმეების დაზარალებისა და მთლიანი სექტორის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების ხარჯზე ეს ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს".
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუთმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ გააპროტესტა ახალი რეგულაცია. მათი ძირითადი არგუმენტები უკავშირდებოდა პროდუქციის გაძვირების, უარყოფითი ფისკალურ-ეკონომიკური ეფექტის მიღების, ექსპორტის შემცირების საფრთხის, კანონის არასამართლიანობისა, მომხმარებელთა დაზარალების საკითხებს და სახელმწიფოს მხრიდან აღრიცხვიანობის ალტერნატიული სისტემის შემოღების აუცილებლობის საკითხებს.