2012 წელს საქართველოში მოხმარებული კარტოფილის 85 %-ი თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილი იყო, ამის შესახებ განცხადება სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გია ძირკვაძემ გააკეთა. ძირკვაძის განმარტებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან არ არსებობდა კონტროლი და საქართველოში დაავადებული თურქული კარტოფილი თავისუფლად შემოდიოდა, თუმც როგორც ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოშიც იყო კარტოფილის დაავადების ფაქტი, დაახლოებით 7 წლის უკან, თუმც სათანადო ჩარევის შემდეგ დაავადება აღმოიფხვრა.
„საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული დაავადება, რომ არ გავრცელდეს, ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, როგორც ეხლა მოიქცა, ანუ ჩაკეტოს თურქეთი.
თურქეთში აღნიშნული დაავადება მასიურადაა გავრცელებული. როდესაც თურქებს საქართველოში შემოაქვთ კარტოფილი, სანაცვლოდ ყიდილობენ ხულოს, ახალქალაქის, წალკის კარტოფილს და თურქეთში გააქვთ", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გია ძირკვაძემ.
როგორც ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველოში მოხმარებული კარტოფილის 85 %-ი თურქეთიდან იყო იმპორტირებული.
„2012 წელს საქართველოში მოხმარებული კარტოფილის 85 % თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი იყო. რესტორნები, მარკეტები და სხვა ობიექტები ძირითადად თურქულ კარტოფილს იღებდნენ. მათ ისე აქვთ დაფასოებული ეს კარტოფილი, რომ სავაჭრო ობიექტებისათვის მათი აღება მეტად ხელსაყრელია"- აცხადებს გია ძირკვაძე.
როგორც ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ბოლო პერიოდში საქართველოში კარტოფილის წარმოება გაიზარდა და ქვეყანას უკვე აქვს იმ რაოდენობის შიდა წარმოება, რომ იმპორტი საჭირო აღარ არის.
„დღეისათვის საქართველოში კარტოფილის წარმოება გაიზარდა. საქართველოში კარტოფილის იმპორტი, რომ აღარ მოხდეს, ქვეყანას რაოდენობრივად კარტოფილით მომარაგების მხრივ პრობლემები არ შეექმნება"- აცხადებს გია ძირკვაძე.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში კარტოფილზე ჯიშთგანახლების პროგრამები დაიწყო. დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ქვეყანაში შემოტანილი გერმანული და ჰოლანდიური სათესლე მასალა, რითაც საქართველოში კარტოფილის წარმოება იზრდება. მისივე ინფორმაციითვე, ადრე გლეხს 1 კილო სათესლე მასალაში 2-2,7 ლარის გადახდა უწევდა, თუმცა უკვე დაწყებული პროგრამების ფარგლებში სათესლე მასალა ფაქტობრივად უფასოა.
კირკვაძე გამორიცხავს, რომ საქართველოში კარტოფილის ფასმა მოიმატოს, რადგანაც ადგილზე უკვე საკმაოდ დიდი მარაგებია და იმავდროულად, ივნისის ბოლოდან ქართული კარტოფილის აღებაც დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს, გაჩნდა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მავნებლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს არსებობაზე. საბოლოო ეჭვი დადასტურდა.