ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა. როგორც უგულავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას ბევრ რამეზე ილაპარაკეს, მათ შორის კურიოზებიც გაიხსენეს.
"რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი არ ვიცი, ტექნიკური პროცედურებია ასეთი გამოძიების და სხვათა შორის რეფორმას საჭიროებს როგორც ჩანს", _ განაცხადა უგულავამ.
"პერსონალურად რომელიმე გამომძიებლისა ან რიგითი პოლიციელის მიმართ მე პრეტენზია ნაკლებად მაქვს. რაც შეეხება თვითონ გამოძიებას, რა მიმართულებითაც, ჯერ ჯერობით რა შთაბეჭდილებაც მე დამრჩა, მას არ აქვს შეკითხვაზე პასუხი თუ რატომ არც ერთი პოლიციელი არ მოვიდა სამების წინ მოედანზე და არც მე და არც ერთი იქ მყოფი პირი არ გააფრთხილა იმაზე, რომ არსებობდა თურმე ალტერნატიული შესასვლელი და ეს მიმაჩნია მე შეცდომად. ასევე რატომ არ იყო გაკეთებული კორდონი სამების მოედნისა და ფურცელაძის მხარეს თუ იქ მათი მტკიცებით არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი და რატომ არ მოხდა პოლიციის მხრიდან უშუალოდ შეხების წერტილში კორდონის გაკეთება იმისათვის, რომ ის მოძალადე მხარე ბოლომდე მოსულიყო და არ მომხდარიყო ის დარღვევა რაც მოხდა", _ განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ვერც ერთ ამ კითხვაზე მან პასუხი ვერ მიიღო.
"ამ შეკითხვებზე სამწუხაროდ პასუხი არ არის ისევე როგორც სავარაუდოდ ამდენი ხსენების მერე მოჩურჩულე ნანა კაკაბაძეს დაკითხავენ , შეიძლებაბა არც დაკითხონ. მეეჭვება, რომ პოლიციის რომელიმე მაღალჩინოსანი ან მინისტრი ღარიბაშვილი დაიკითხოს თუმცა ამ კითხვებზე პასუხი, სწორედ მათ მოეთხოვებათ და პასუხისმგებლობა სწორედ მათ მოეთხოვებათ", _ განაცხადა ქალაქის მერმა.
მისივე თქმით, დანარჩენი ძირითადად "ვიყავით იმ დეტალების აღწერით დაკავებული, რომელიც პრინციპში საზოგადოებამ იცის და არაერთი კამერითა და რაკურსით იყო გადაღებული და შესაბამისად იქ ჩემის აზრით გასარკვევი ბევრი არც არაფერია".
გიგი უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ თუ მას კიდევ დაიბარებენ ის მზადაა მივიდეს.
"თუ კიდევ დამიბარებენ მე მზად ვარ დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, თუმცა არა მგონია, რომ ამ საქმეთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მე რაც მქონდა დეტალურად განვუმარტე",_ განაცხადა მერმა მის მიერ ინციდენტისას გაკეთებულ შეძახილებზე გაამახვილა ყურადღება.
"რაც შეეხება შეძახილებს ამ საკითხთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტება საჯაროდაც და ჩვენებაშიც. ხელის ჟესტიკულაცია ჩემი მიმართული იყო ჩემი თანმხლები პირების მიმართ დეპუტატების და ვინც იქ იყვნენ, რომ ერთად გვევლო და თავიდან აგვეცილებინა ზედმეტი ინდივიდუალური თავდასხმები. რაც შეეხება სიტყვა "შოუს" მე ის ვიხმარე ძალიან კონკრეტულ კონტექსტში და სამწუხაროდ ძალიან იაფფასიანად ბატონი ღარიბაშვილი ამით მანიპულირებას ცდილობდა. კერძოდ, ეს კონტექსტი იყო ძალიან კონკრეტული. როდესაც ჩვენ მივდიოდით და აქეთ იქით გაუთავებელი ლანძღვა, კვერცხებისა და სხვა ნივთების სროლა მიმდინარეობდა მე პოლიციას რამდენჯერმე კანიკუნტად, უსაქმოდ მდგომ პოლიციას შევახსენე, რომ მათ წესრიგი უნდა დაემყარებინათ რაზეც უმოქმედობა მივიღე, შემდეგ რომელიღაცა კონკრეტული პირის, რომელიც უშვერად ილანძღებოდა, მისამართით ვთქვი თუ შოუ გინდათ მაშინ აი თქვენი შოუ - ეს იყო და ეს", _ განაცხადა უგულავამ.