"საკონსტიტუციო ცვლილებებმა სამოქალაქო მშვიდობაც უნდა უზრუნველყოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ უმრავლესობის რიტორიკას და იმას, რომ ისინი ქვეყნას დაპირისპირებისკენ მიაქანებენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა სამოქალაქო მშვიდობაც უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, - "ჩვენ ახალ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ამოქმედდეს ის მუხლები, რომლებიც მათ აწუხებთ, ეს ეხება უფლებამოსილებებისა და მათი გამიჯვნის საკითხს. ამ ნაწილზე ვესაუბრებით. მეორეს მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაცაა, ეს არაერთხელ გვითქვამს, ესაა - კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა, ასევე ქვეყნის დეცენტრალიზაცია და ა.შ".
გაბაშვილის თქმით, მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანია კლიმატი.
"კარგი იქნება თუ უმრავლესობა დაჯდება და მოილაპარაკებს, რომ ამ გაუგონარი ზეწოლით, რიტორიკითა და სიძულვილის ენით ქვეყანას კარგს არაფერს უკეთებენ. ჩვენ ვთავაზობთ ახალ ხელისუფლებას, ამოქმედდეს ოქტომბრის ძალაში შესასვლელი კონსტიტუციიდან ის მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფს სამოქალაქო მშვიდობას".