აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სერგეი ბაღაშფის მოსკოვში ვიზიტს "რუსეთის მთავრობის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიის კიდევ ერთ გამოვლინებად" აფასებს.
"ბაღაშფის შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და რუსეთის პატრიარქთან ნიშნავს, რომ მოსკოვი ცდილობს, ბაღაშფის ლეგიტიმურობას გაუსვას ხაზი და მის მარიონეტულ რეჟიმს რუსეთის სივრცეში ინტეგრირების ახალი გეგმები შესთავაზოს. სწორედ ამ გეგმების ნაწილს წარმოადგენს ხელშეკრულებები, რომლებიც დღეს რუსეთსა და აფხაზეთის თვითაღიარებულ მთავრობებს შორის უნდა გაფორმდეს, მათ შორის - საჰაერო მიმოსვლისა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ", - განაცხადა ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა საუბარია ორ თანაბარ და თავისუფალ სახელმწიფოზე, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არიან აღიარებულნი.
"ამ შემთხვევაში კი, საქმე ეხება ცალმხრივ დაინტერესებას, სადაც დამკვეთია რუსეთი, ხოლო შემსრულებელი მისი პოლიტიკური მძევალი, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტია", - განმარტა ბარამიამ.