აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც აჭარაში ირანის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენები ესწრებოდნენ.
1979 წელს ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა. ირანის ისლამურმა რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა ძვრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია მსოფლიო ისტორიაზე.
„დღეისათვის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო იზრდება და მრავლდება გადაკვეთის წერტილები. ჩვენი ქვეყნების უძველესი, უმდიდრესი და ამავდროულად უმძიმესი ისტორია საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს ორი ქვეყანა თანამედროვე ურთიერთობების კარგ მაგალითს იძლევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სავაჭრო-სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კუთხით. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბოლო პერიოდში ტურისტული მიმოსვლის გახშირებისა და სპეციალური ჩარტერული რეისების დანიშვნის საკითხიც. შეთანხმება არსებობს ინვესტიციების ურთიერთ წახალისებასა და დაცვაზეც, მოქმედებს ორმხრივი შეღავათები გადასახადებზე და საჰაერო მიმოსვლაზე, გვაქვს უვიზო რეჟიმი. ყველაფერი ეს კი, დარწმუნებული ვარ, სასიკეთოდ მოქმედებს ორ ქვეყანას შორის როგორც ამჟამინდელ, ასევე სამომავლო ურთიერთობებზე „-განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრაზე.