საქართველოს პროკურატურის დაზარალებულთა დახმარების ცენტრები კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომლებისგან დაკომპლექტდება. როგორც "ჯი-ეიჰ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, დღეს ბათუმში ჩატარდა გასაუბრება დაზარალებულთა დახმარების ცენტრების კონსულტანტობის კანდიდატებთან. მანამდე კონკურსი თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.
დაზარალებულთა დახმარების ცენტრები პირველ ეტაპზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნება. ცენტრების ამოქმედებამდე კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში. ამასთან, ცენტრები შეაგროვებენ და გააერთიანებენ დაზარალებულთათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
დაზარალებულთა ცენტრებს საქართველოს პროკურატურა უახლოეს პერიოდში გახსნის. იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი პროექტის მიზანია დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება _ მათთვის უფლება-მოვალეობების, უფასო იურიდიული დახმარების კრიტერიუმების განმარტება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადამისამართება, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობების და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
დაზარალებულთა უფლებების დასაცავად პროკურატურის საქმიანობის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლამდე. კოდექსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ დაზარალებულის ახალ სამართლებრივ სტატუსს ეხება.