აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებულ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე განხილვა გაიმართა. კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებას და საქმიანობის გარანტიებს უზრუნველყოფს.
პროექტი განსაზღვრავს და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია გადასახადებისა და შეღავათების, მიწის რეგისტრაციისა და საწარმოს რეგისტრაციის საკითხების გაუმჯობესება და გამარტივება, რაც უზრუნველყოფს მიწის ბაზრის შექმნას და წვრილი მეურნეობების გამსხვილებას.
კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან იაფ კრედიტებზე წვდომის შესაძლებლობების გამარტივებაც. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, ფერმერებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სხდომის მონაწილეთა მხრიდან გამითქვა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები.
,,ჩვენი სტრატეგიაა, რომ კანონპროექტი ფართო კონსენსუსის საგანი გახდეს და მან ის სახე მიიღოს, რაც ქვეყანას წაადგება. კანონში ისეთი მექანიზმები უნდა ჩიოდოს, რაც წაახალისებს კოოპერირების პროცესს მთელს ქვეყანაში",-განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებამდე კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრები კიდევ გაიმართება.