,,უმრავლესობამ პარლამენტში პრეზიდენტის არ მიღებით შეცდომა დაუშვა", - განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ევროპელი-დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის გადადების კომენტირებისას.
,,უმრავლესობამ დაუშვა შეცდომა, როცა პრეზიდენტი პარლამენტში არ მიიღო. პრეზიდენტი პარლამენტში უნდა მიეღოთ, მაქსიმალურად უნდა გეკრიტიკებინათ და პრეზიდენტსაც პასუხები უნდა გეცა. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია", -განაცხადა დავითაიამ და აღნიშნა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის არ მიღება ესაა ,,დატაკება ორ ძალას შორის, რომელიც ქვეყანას ავნებს".
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენში დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, განცხადებით პრეზიდენტს მას შემდეგ მიეცემა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საშუალება, რაც მას და მის გუნდს ცალსახა პოზიცია ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან წარდგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამ დროსთვის უცნობია დაესწრება თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააკაშვილის გამოსვლას.
მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმ სიტყვით წარსდგება, რომლითაც პარლამენტში აპირებდა გამოსვლას.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ ტექსტით მიმართოს, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ