თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ გაძარცვეს.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა უმაღლესი სასწავლებლის პირველი კორპუსის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალები მოიპარეს. წაღებულია ელექტროსადენები და ძვირადღირებული ტექნიკაც.
მომხდარის გამო, უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით, დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია მოხდება. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.
"ქურდობის ფაქტმა სისტემური ხასიათი მიიღო და ამას ჩვენ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. სამსახურიდან უკვე გავათავისუფლეთ დაცვის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. საქმის კურსში ჩავაყენეთ სამართალდამცავი ორგანოებიც", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს ძარცვის მესამე შემთხვევაა.